სუეცის არხი

სუეცის არხში 400-მეტრიანი ხომალდი გაიჭედა და საზღვაო საცობი გამოიწვია 

ფოტო: bbc.com

სუეცის არხში 400 მეტრის სიგრძის პანამის დროშის ქვეშ მცურავი საზღვაო ხომალდი გაიჭედა, რამაც არხის ბლოკირება და ერთგვარი საცობი გამოიწვია.  

სუეცის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია, რომლითაც ნავთობისა და სამომხმარებლო პროდუქტების გლობალური გადაზიდვის თითქმის 30% ხორციელდება. 
 

ფოტო: CNN

59 მეტრის სიგანის, 224 000-ტონიანი ხომალდი, Ever Given,  როტერდამის პორტისაკენ მიცურავდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვიშის შტორმითა და ძლიერი ქარით გართულებული სანავიგაციო პირობების გამო ხომალდმა არასწორი კურსი აიღო და, საბოლოო ჯამში, სუეცის არხში გვერდულად გაიჭედა. 

CNN-ის ინფორმაციით, ხომალდის გამოყვანას და არხის გახსნას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს და ამ დროის განმავლობაში თითქმის ასამდე ტვირთმზიდსა თუ ტანკერს საზღვაო საცობში მოუწევს გაჩერება. 

ანალიტიკოსების ვარაუდით, მიწოდების რამდენიმე დღით შეფერხებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე.
 


 

კომენტარები