მიანმარი

მიანმარში პოლიციამ 7 წლის ბავშვი მოკლა

ხინ მიო ჩითი

მიანმარში, ქალაქ მანდალაიში პოლიციამ 7 წლის ბავშვი მოკლა. ბავშვი მიანმარის მოვლენების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.

მსხვერპლის ოჯახის ცნობით, 7 წლის ხინ მიო ჩითი სახლის ჩხრეკის დროს მოკლეს. გარდაცვლილის დის ცნობით, პოლიციამ მათი სახლის კარი ჩხრეკის მიზნით შეანგრია. 

"როდესაც კარი შემოანგრიეს, მამაჩემს ჰკითხეს, კიდევ ვინმე თუ იყო სახლში". - უთხრა გარდაცვლილის დამ BBC-ის. მისი თქმით, პოლიციამ მამამისს არ დაუჯერა და ჩხრეკვა დაიწყო, როდესაც ხინ მიო ჩითი მამისკენ გაიქცა. პოლიციელები შემობრუნდნენ და ბავშვს ესროლეს.

მიანმარის სამხედრო ხუნტას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ადამიანის უფლებათა ჯგუფის, გადაარჩინე ბავშვების ცნობით, მიანმარის პოლიციას 20-ზე მეტი ბავშვი შემოაკვდა. 

მიანმარის დემონსტრაციების მსხვერპლი უკვე 250-ს აღემატება.

სამშაბათს, 23 მარტს, მიანმარის სამხედრო ხუნტამ მწუხარება გამოთქვა დემონსტრანტების სიკვდილის შემთხვევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამაში თავად ისინი დაადანაშაულა.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გასული კვირის ბოლოს სანქციები დაუწესეს.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600 ადამიანზე მეტი დააკავეს და 250-მდე ადამიანი მოკლეს.

კომენტარები