ხელფასები

როგორ შეიცვალა 2020 წელს საშუალო სტატისტიკური ქართველის რეალური ხელფასი?

Publika.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის IV კვარტლის საშუალო ნომინალური ხელფასის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. 

დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით – 5.0 ლარით – შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა.

წლიურ ჭრილში რეალური ცვლილების უკეთ დასანახად ტაბულამ საქსტატიდან 2020 წლის ანუალიზებული ნომინალური ხელფასის მაჩვენებელი გამოითხოვა, რაც, ამ ეტაპზე, წინასწარ მონაცემს წარმოადგენს.

გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო, თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წელს 1 227 ლარია, რაც 98 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს – 1 129 ლარს. შედეგად, წლიურ ჭრილში, პანდემიის პერიოდში ხელფასები ნომინალურად, 8.7%-ით გაიზარდა. 

პარალელურად, საქსტატის მიხედვით, 2020 წელს მშპ დეფლატორი – ინფლაციის მაჩვენებელი – 6.9%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ხელფასის რეალური ნაზარდი, რომელიც მსყიდველობით უნარში აისახება, 1.8%-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ საშუალო სტატისტიკური ქართველის ხელფასი 2019 წელს 1 000 ლარი იყო, 2020 წელს მისი რეალური, მსყიდველობით უნარზე მიბმული ხელფასი 1 018 ლარი იქნება. 

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. ISET-PI-ის პროგნოზით, ცუდ ვარიანტში ეკონომიკა წელს 2.5%-ით გაიზრდება, საბაზისოში – 2.9%-ით, ოპტიმისტურ სცენარში კი – 3.6%-ით. 

 

კომენტარები