ეკონომიკა

ISET-PI: პოზიტიური სცენარით, იანვარ-მარტში ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდება

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით,  2021 წლის I კვარტალში ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდება. 

ინსტიტუტში არ გამორიცხავენ, რომ პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტური იყოს, რადგან ეკონომიკური შეზღუდვები მარტის ბოლომდე გახანგრძლივდა, მათი მოხსნის თარიღი კი უცნობია.

მხოლოდ იანვარში, წლიურ ჭრილში, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, რაც დიდწილად განაპირობებს პირველი კვარტლის ჯამურ შემცირებას. ინსტიტუტის მიხედვით, მეორე კვარტალში ეკონომიკის 11%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც შთამბეჭდავად იმიტომ გამოიყურება, რომ წინა წლის მეორე კვარტალში, მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 13.2%-ით შემცირდა.

იანვრის 11.5%-იანი კლების ფონზე, ISET-ში, 2021 წელს ეკონომიკის ზრდის პესიმისტურ, ნეიტრალურ და ოპტიმისტურ სცენარებს პროგნოზირებენ. ინსტიტუტის მიხედვით, ცუდ ვარიანტში ეკონომიკა წელს 2.5%-ით გაიზრდება, საბაზისოში – 2.9%-ით, ოპტიმისტურ სცენარში კი – 3.6%-ით. 

კვლევაში ნათქვამია, რომ პროგნოზი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს აღქმული, რადგან ჯერჯერობით უცნობია, დამატებით რა შეზღუდვები თუ ზომები იქნება მიღებული, ან როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. 

19 მარტისთვის, ასტრაზენეკას ვაქცინით 3 642 სამედიცინო პერსონალია აცრილი, დარეგისტრირებულია 5 185.

 

კომენტარები