ცესკო

ცესკო დროასა და ლელოზე: ჩვენ წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია დროასა და ლელოს კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ ცესკოს შესახებ ცრუ, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. 

"ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეებად ქართული ოცნებისთვის მისაღები ადამიანები ინიშნებოდნენ. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს - შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები არ ინიშნებიან და მათ არა ცესკო, არამედ თავად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ირჩევენ.

კომისიის მდივნისთვის უფლებამოსილების გაზრდის მცდარ ბრალდებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ცესკოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ცესკოს აპარატის ფუნქციები განახლდა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა იმგვარად დახარისხდა, რომ ხელი შეეწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ პროფესიულ განვითარებას. მათ შორის, შეიქმნა ცესკოს მდივნის აპარატი, ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში, იმ ფუნქციებისთვის, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და სწორედ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია ამ თემით მანიპულირებაც". – აცხადებენ ცესკოში. 

ცესკოში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსების განცხადებაში არაერთი უზუსტობა იყო. მათი თქმით, არასწორად იყო დასახელებული საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმღვანელი პირების სტატუსი, მათ შორის ცესკოს მდივნის ნაცვლად თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ცესკოს წევრის ნაცვლად - ცესკოს იურისტი, ასევე გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სხვა პირი იქნა დასახელებული.

"ამასთან, ყოველგვარ ეთიკას სცილდება ის ფაქტი, რომ პარტიის წარმომადგენლებმა მედიას წარუდგინეს ცესკოს მდივნის ოჯახის წევრების ფოტოები, რომელთა საქმიანობაც არანაირად არ არის დაკავშირებული საარჩევნო ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, მიუღებელია ამგვარი ქმედებები და ამასთან, გაურკვეველია რას ემსახურებოდა მათი პირადი ფოტოების გამოქვეყნება". – აცხადებენ ცესკოში. 

მათივე თქმით, არასწორია, რომ სწავლების ცენტრმა გასცა გრანტები იმ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ცესკოსთან. ცესკოს ცნობით, სწავლების ცენტრი გასცემდა თანხებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტის გაცემის წესისა და შესაბამისი კრიტერიუმების თანახმად. საგრანტო საკონკურსო კომისია კი კომპლექტდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორის, სახაზინო/საბიუჯეტო დაწესებულებების წარმომადგენლებით.

ცესკო აღნიშნავს, რომ საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არ შედიოდნენ ცესკოს წევრები და სწავლების ცენტრში დასაქმებული პირები და წლების მანძილზე საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მუდმივად წარმოდგენილი იყვნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები. 

"დისკრედიტაციული კამპანიის ფარგლებში ასევე, გავრცელდა მორიგი სიცრუე ცესკოში ხელმძღვანელი პირების ხელფასების გაზრდის შესახებ. ამასთან,  აღნიშნული თემის  გაშუქებისას ტელეკომპანია „მთავარმა“ ცესკოში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ტელემაყურებელს არა ცესკოს, არამედ სულ სხვა უწყების დოკუმენტაციის, საშტატო ნუსხისა და ხელფასების ამსახველი კადრები აჩვენა.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. ცესკომ 2020 წელს  შესაბამისი რეაგირებისთვის წერილობით ორჯერ მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ჟურნალისტებმა დაარღვიეს ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი". – აღნიშნულია განცხადებაში. 

საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებისა და მედიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ინსტიტუციური ზიანის მიყენების მცდელობას.

"შესაბამისად, მივმართავთ მათ, იმოქმედონ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით და თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც აღიქმება მიზანმიმართულ დამაზიანებელ კამპანიად საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნის მიზნით". –აღნიშნავს ცესკო. 

პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და ლელოს წევრმა, საბა ბუაძემ 22 მარტს ცესკოსთან ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და უწყებაში არსებულ კორუფციაზე, ნეპოტიზმსა და კლანზე ისაუბრეს. 

კომენტარები