ევროკავშირი-ჩინეთი

ლაიენი: ჩინეთი EU-ს ქვეყნების დასაპირისპირებლად "დაყავი და იბატონე" ტაქტიკას იყენებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ჩინეთი ცდილობს, რომ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების წინსვლის მიზნით ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპიროს და ამისთვის "დაყავი და იბატონე" ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ ლაიენმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ის საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად ჩინეთს ეწვია.

"ევროპული ჩინეთის ძლიერი პოლიტიკა ეყრდნობა წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ძლიერ კოორდინაციას და მზადყოფნას, თავიდან ავიცილოთ "დაყავი და იბატონე" ტაქტიკა, რომელიც ვიცით, რომ შეიძლება ჩვენს წინაშე აღმოჩნდეს. ბოლო დღეებში და კვირებში ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ტაქტიკა უკვე მოქმედებაშია. [...] და დროა ევროპაც გადავიდეს მოქმედებაზე. უნდა გამოვავლინოთ ჩვენი კოლექტიური ნება, დროა ერთობლივად განვსაზღვროთ წარმატება და ვაჩვენოთ ის ერთიანობა, რომელიც გვაძლიერებს." - თქვა ფონ დერ ლაიენმა.


ჩინეთში ვიზიტის დასასრულს, მაკრონმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მას შემდეგ, რაც თქვა, რომ აშშ-ს მოკავშირეობა მის ვასალად ყოფნას არ ნიშნავს. მისივე თქმით, ტაივანთან მიმართებით ევროპა არც აშშ-ს და არც ჩინეთის პოზიციას არ უნდა მიჰყვეს.

"ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ევროპაა, არის იმ კრიზისებში მოყოლა, რომლებიც ჩვენი არაა და რომლებიც საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის შენებაში ხელს შეგვიშლის". – თქვა მაკრონმა.

მაკრონი თვლის, რომ ტაივანის გარშემო ესკალაცია ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა მათ არ უნდა მისდიონ არც აშშ-ს და არც ჩინეთის მიდგომებს.

"პარადოქსი იქნება, პანიკაში ვირწმუნოთ, რომ მხოლოდ ამერიკის მიმდევრები ვართ... კითხვა, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ, არის... არის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანის [კრიზისის] დაჩქარება? არა. ყველაზე ცუდი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ, ევროპელებმა ამ საკითხზე აშშ-ს დღის წესრიგსა და ჩინეთის გადაჭარბებულ რეაქციას მივდიოთ". – თქვა მაკრონმა POLITICO-სთან.

კომენტარები