ჩინეთი

HRW: ჩინეთში თიენანმენის ჟლეტის შემდეგ ადამიანის უფლებებისთვის ყველაზე ბნელი დრო დგას

თვალახვეული უიღურები და პოლიციელები სინძიანგის, ბაინკუოლენჭოუს მატარებლის სადგურზე. 2019 წელი.
Youtube/War on Fear/ ABC

Human Rights Watch ახალ ანგარიშში წერს, რომ ახლა ჩინეთში 1989 წლის პეკინის თიენანმენის მოედანზე ჟლეტის შემდეგ ადამიანის უფლებებისთვის ყველაზე ბნელი დრო დგას.

მაგრამ, ამავდროულად, HRW წერს, რომ 2020 წელს მსოფლიოში არაერთი მთავრობა შეეწინააღმდეგა ჩინეთის რეპრესიის პოლიტიკას და მათ ნაკლებად ეშინიათ ჩინეთის შურისძიებისა. 

ორგანიზაციის განცხადებით, სი ძინფინგის მმართველობის დროს გაუარესებული მდგომარეობის ნაწილია ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში, შიდა მონღოლეთში, ტიბეტში დევნა, ჰონგ-კონგის შევიწროება და კორონავირუსის გავრცელების დამალვის მცდელობები. ანგარიშში წერა, რომ 2020 წელს ჩინეთის მთავრობის ავტორიტარიზმი სრულიად გამოჩნდა. 

ამავდროულად განცხადებაში აღნიშნულია, რომ პეკინის რეპრესია,  ჩინეთის კომუნისტური პარტიისადმი პოლიტიკური ერთგულების დაჟინებით მოთხოვნა, მთელ ქვეყანაში უფრო ვრცელდება. 

"ეს ჩინეთში ადამიანის უფლებებისთვის ყველაზე ბნელი პერიოდია 1989 წლის ჟლეტის შემდეგ, როდესაც თიანანმენის მოედანზე დემოკრატიული მოძრაობა დასრულდა". - წერს ორგანიზაცია.

HRW ანგარიშში ასევე აღნიშნავს ჩინეთში ინტერნეტის ცენზურის მდგომარეობის, მასობრივი მეთვალყურეობის, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაკავების, გაუჩინარების შესახებ. 

ორგანიზაციის მკვლევარი იაციოუ ვანგი ამბობს, რომ სი ძინფინგის მმართველობის სათავეში მოსვლის შედეგ კომუნისტური პარტია ნებისმიერი სახის დამოუკიდებელი აქტივობის მიმართ არატოლერანტულია.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 4 ივნისს თიენანმენის ტრაგედიიდან 32 წელი გადის. 1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაარბია, რასაც ოფიციალური მონაცემებით, ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები