ეკონომიკა

გაზრდილი უმუშევრობა, მაქსიმუმ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა – სებ-ის პროგნოზი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

ეროვნული ბანკი მიმდინარე 2021 წლისთვის მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. საუბარია საბაზისო, პოზიტიურ და ნეგატიურ სცენარებზე, მათ შორის სებ-ის პროგნოზი მოიცავს ლარის კურსის, უმუშევრობის, ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შესაძლო განვითარების სცენარს. 

ეკონომიკური ზრდა

ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარის მიხედვით მიმდინარე წელს ეკონომიკა, მაქსიმუმ, 4%-ით გაიზრდება. ამგვარად, ქვეყანა კვლავ ვერ მოახერხებს ეკონომიკის პანდემიამდე არსებული მოცულობის დაბრუნებას, თუმცა 4%-იანი ზრდა სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინი იყოს. საქმე ის არის, რომ 4%-ით საქართველოს ეკონომიკა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენა მოხდება, რაც უპირველესად ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული. 

ჯერჯერობით ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია არ დაწყებულა და კვლავაც უცნობია, თუ როდის აიცრება მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი კვლავ ვერ აღდგება, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება, რაც  ფაქტობრივად 2020 წელს დაწყებული ეკონომიკური რეცესიის გაგრძელებას ნიშნავს. პოზიტიური სცენარით 2022 და 2023 წელსაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ს არ გადააჭარბებს. 

ლარის კურსი

შედარებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ეროვნულ  ბანკს ლარის კურსთან დაკავშირებითაც.  სებ-ის საბაზისო სცენარის მიხედვით, ლარის კურსი წელს უცვლელად შენარჩუნდება, პოზიტიური სცენარი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის 5-%-იან გამყარებას ითვალისწინებს. ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ლარი მიმდინარე წელს 10%-ით გაუფასურდება. 

უნდა ითქვას, რომ სებ-ის პროგნოზი გაცილებით უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე S&P-ის სარეიტინგო სააგენტო, რომლის საბაზისო სცენარის მიხედვითაც წლის მიწურულს 1 დოლარის ღირებულება 3.5 ლარს გაუტოლდება. სწორედ ლარის მოსალოდნელი გაუფასურებიდან გამომდინარე, სააგენტოს პროგნოზით, წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ს 70%-მდე გაიზრდება. 

უმუშევრობა

საგრძნობლად უფრო პესიმისტურად გამოიყურება სებ-ის პროგნოზი უმუშევრობის მიმართულებით. ყველაზე კარგ სცენარში სებ-ის პროგნოზით უმუშევრობა იგივე დარჩება და არ გაიზრდება. საბაზისო სცენარის მიხედვით, უმუშევრობა წლიურ ჭრილში 1%-ით მოიმატებს, ხოლო ნეგატიური სცენარის შემთხვევაში უმუშევართა რაოდენობა 2.5%-ით გაიზრდება. 

2020 წლის მეოთხე კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობამ 3.8%-ით მოიმატა. საუბარია დაახლოებით 79 000 მოქალაქეზე, რომლებმაც ამ პერიოდში სამსახური დაკარგეს. 

ინფლაცია 

საკმაოდ მაღალი რჩება სამომხმარებლო ფასების ზრდის საგრძნობი ზრდის მოლოდინიც. სებ-ის პოზიტიური სცენარი 4%-იან ინფლაციას ვარაუდობს. საბაზისო სცენარის გამართლების შემთხვევაში ინფლაცია 4.5% იქნება, ხოლო ნეგატიური სცენარის შემთხვევაში ფასების 7%-იან მატებას პროგნოზირებს. 

ინფლაციის ამგვარი მოლოდინი კიდევ უფრო გაართულებს მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას, რადგან მოქალაქეების დიდი ნაწილის განკარგვადი შემოსავლები ისედაც კლებულობდა და ინფლაცია ამ მიმართულებით წნეხს კიდევ უფრო გაზრდის. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფლაციის გამოთვლისას საქსტატი 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ფასებს იყენებს, მათ უდიდეს ნაწილზე ფასები არ იცვლება, რაც დადებითაც მოქმედებს მაჩვენებელზე, თუმცა ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქციაზე როგორიცაა სურსათი, სამედიცინო მომსახურება და ტრანსპორტი ფასების გაცილებით უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელია. 

 

კომენტარები