ვაქცინაცია

ტურძელაძე 27 წლის ექთანზე: დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალi ტურძელაძე ამბობს, რომ 19 მარტის დილის მონაცემებით 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა "შედარებით სტაბილურია". 

"ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ კიდევ 24 საათში. მძიმე მდგომარეობა იყო გვიან საღამოს, მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე მძიმე იყო, ამ დილისთვის, ახლა, მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა. აპარატთან არის სინქრონში, სუნთქავენ ერთად. წნევა ხერხდება 3 მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა. ამ დილისთვის ტემპერატურა წამოვიდა და მდგომარეობა შედარებით სტაბილურია". - ამბობს ლალი ტურძელაძე.


27 წლის ექთანი ახალციხიდან თბილისში გუშინ, 18 მარტს გადმოიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ექთანი 12:15 წუთზე აიცრა და 30 წუთში "განუვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია". 

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც პროტოკოლით არის გაწერილი და არ მოიხსნა რეაქცია, ის გადაიყვანეს რეანიმაციაში". - თქვა გამყრელიძემ. 

ახალციხეში მომხდართან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ასტრაზენეკა არის უსაფრთხო ვაქცინა და "სარგებელი აჭარბებს რისკებს". მისივე თქმით, ექთნის მკურნალობის ტაქტიკას კონსილიუმი გადაწყვეტს. 

კომენტარები