ვაქცინაცია

"მდგომარეობა ძალიან მძიმეა" – ტურძელაძე 27 წლის ექთანზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ძალიან მძიმეა". როგორც ტურძელაძემ ტაბულას უთხრა, ის მართვით სუნთქვაზე რჩება. 

27 წლის ექთანი ახალციხიდან თბილისში გუშინ, 18 მარტს გადმოიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ექთანი 12:15 წუთზე აიცრა და 30 წუთში "განუვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია". 

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც პროტოკოლით არის გაწერილი და არ მოიხსნა რეაქცია, ის გადაიყვანეს რეანიმაციაში". - თქვა გამყრელიძემ. 

ახალციხეში მომხდართან დაკავშირებით გაიმართა იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. როგორც სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ასტრაზენეკა არის უსაფრთხო ვაქცინა და "სარგებელი აჭარბებს რისკებს". მისივე თქმით, ექთნის მკურნალობის ტაქტიკას კონსილიუმი გადაწყვეტს. 

კომენტარები