ვაქცინაცია

გამყრელიძე: საპატრიარქოსთან კომუნიკაცია გრძელდება, მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს

"წმიდა სინოდის განჩინებაში გახლავთ მათი პოზიცია, აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია მათთან გრძელდება და მათ მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა". - თქვა დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის პროცესზე.

"თქვენს მონა-მორჩილს ჰქონდა გუშინ კომუნიკაცია მაღალი იერარქიის პირებთან. ვფიქრობთ, რომ კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც შარშან, საგანგებო მდგომარეობის დროს, წინასააღდგომო პერიოდში, საპატრიარქომ, მოგეხსენებათ, სერიოზული მხარდაჭერა გააკეთა სამედიცინო სექტორის და მოსახლეობის, ასე იქნება" - თქვა გამყრელიძემ.

16 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა წმიდა სინოდს ვაქცინაციის პროცესში თანამშრომლობა სთხოვა

"მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში [ვაქცინაციის] განსაკუთრებულია". – თქვა გამყრელიძემ.

მეორე დღეს, საპატრიარქომ განაცხადა, რომ ეკლესია ვაქცინაციაზე "პასუხისმგებლობას ვერ აიღებს" და მისი პროპაგანდა ექიმების პასუხისმგებლობაა.

ამის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს პატრიარქს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ეკლესია არ აპირებს, ვაქცინაციის პროპაგანდაში ჩაერთოს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული პრაქტიკულად არცერთი შეზღუდვა არ გავრცელებულა.  გასულ წელს კომენდანტის საათის და მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა მრავალჯერადად ორმეტრიანი სოციალური დისტანცია. ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, მრევლს საერთო კოვზითაც აზიარებდნენ.

კომენტარები