კორონავირუსი და საპატრიარქო

ტიკარაძე ვაქცინაციაზე: საპატრიარქომ მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა – პროპაგანდაში არ ერთვებიან

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საპატრიარქო არ აპირებს, ვაქცინაციის პროპაგანდაში ჩაერთოს. ამის შესახებ ტიკარაძემ პარტრიარქთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.  

"საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, რა თქმა უნდა, ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში. თუმცა, ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებაას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ.

ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციის და ნიღბების ტარებას და ამის მეტად მოწოდებას როგორც ლოცვებში, ასევე სხვადასხვა ქადაგებაში და თვითონ სინოდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს პოზიცია. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა, რა ტექნოლოგიებს ემყარება". - ამბობს ტიკარაძე. 


16 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესში წმინდა სინოდს თანამშრომლობა სთხოვა. თუმცა, 17 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაზე "პასუხისმგებლობას ვერ აიღებს".  

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. 

კომენტარები