პოლიტიკური კრიზისი

"დიდი იმედი გვაქვს, დიალოგი დასრულდება შეთანხმებით" – კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

Mzia Saganelidze (RFE/RL)

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დღეს ხელისუფლების და ოპოზიციის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

"გაგრძელდება ალბათ კონსულტაციები. ალბათ ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი საერთო შეხვედრა, ერთობლივი შეხვედრა შედგება, ვნახოთ. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით, შეთანხმებით. თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული... ჩვენ გვაქვს ამის იმედი, ჩვენ გვაქვს ამის იმედი, თუმცა, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე თუ როგ დამოკიდებულებას გამოიჩენენ მხარეები დიალოგის მიმართ" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, რა თემებზე ილაპარაკა დანიელსონთან, ქართული ოცნების თავმჯდომარე პასუხობს - "კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით იყო საუბარი, რაც უკავშირდება სავარაუდო შეთანხმებას და კონკრეტული საკითხები, დეტალები განვიხილეთ".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა ღარიბაშვილი. 

17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები "რთული და მძიმე იყო" და, მათივე თქმით, "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული."

კომენტარები