ეკონომიკა

TBC Capital: წელს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ტურიზმი 2019-ის დონის მეოთხედს მიაღწევს

BM.GE

2021 წელს, არატურისტული სექტორების ეტაპობრივი აღდგენის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება – პროგნოზს თიბისი კაპიტალი ავრცელებს.

2020 წელს რეალური მშპ 6.1%-ით შემცირდა. მესამე კვარტალში დაფიქსირებული 5.6%-იანი კლების შემდეგ მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6.5%-ით შემცირდა, რაც ნოემბრის ბოლოს ნაწილობრივი შეზღუდვების ხელმეორედ დაწესებით იყო გამოწვეული.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად, 7.5%-ით გაიზრდება.

TBC Capital-ის წლევანდელი პროგნოზი რამდენიმე დაშვებას ეფუძნება: 

 

  1. საბაზო სცენარში არ არის მოსალოდნელი სრულმასშტაბიანი შეზღუდვების განახლება, ვინაიდან შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის პროცესს დადებითობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა არ გამოუწვევია. ამასთან, უკვე დაწყებულია ვაქცინაციის პროცესიც. აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ნაწილობრივი "ლოქდაუნის" ხელახალი შემოღებაა ნავარაუდები. 
  2. კვლევის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ რეგულარული ფრენები უკვე განახლებულია, 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25%-იანი აღდგენაა ნავარაუდები. ნავარაუდებია, რომ 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 90%-ს მიაღწევს. რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, პანდემიამდელი პერიოდის ძლიერი, 20%-იანი ზრდა, საქართველოს ტურიზმის სტრუქტურაში შორეული და ბიზნეს მოგზაურობების მცირე წილი, შედარებით ახალგაზრდა ტურისტებისა და განმეორებითი ვიზიტების მაღალი წილი, ამასთან, ტურისტული ღია სივრცეების სიმრავლე ტურიზმის ინდუსტრიის თანდათანობითი აღდგენის არგუმენტებია.
  3. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის მსგავსად, შინამეურნეობების მოხმარება, რომელსაც ხელს უწყობს მდგრადი გზავნილების დინამიკა, მაღალი მიმდინარე სახელმწიფო დანახარჯები და 2020 წელს სესხებზე საშეღავათო პერიოდები, 2021 წელსაც ძლიერი იქნება და მშპ-ის ზრდაში მთავარ წვლილს შეიტანს, მანამ სანამ, 2022 წლისთვის წმინდა ექსპორტი და ინვესტიციები აღდგება.
TBC Capital

 

კომენტარები