პოლიტიკური კრიზისი

საფრანგეთის ელჩი: შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ, საქართველო!

დიეგო კოლასი
შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ, საქართველო! – ასე გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესს.

"შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირსა და აშშ-ს გაწეული საქმისთვის. წინ, საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ მოლაპარაკებებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს მწვავე უთანხმოებების მოგვარებას და მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია. დღევანდელ სამყაროში, ეს დიდი გაკვეთილი იქნება". – წერს კოლასი
 

ქართული დელეგაცია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მეთაურობით ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაზე დღეს, 15 მარტს გაემგზავრა. ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა შარლ მიშელთან შედგა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 3 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

კომენტარები