ვაქცინაცია

იმნაძე: "ვაქცინის შემდეგ" არ ნიშნავს "ვაქცინის გამო", ვაქცინა სხვა დაავადებებისგან არ იცავს

"ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ფაიზერი იქნება, ასტრაზენეკა იქნება, ეს არის ერთნაირი, მაღალი ხარისხის ვაქცინები". – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსზე აცრის შემდეგ თქვა. 

მან აღნიშნა, რომ ასტრაზენეკას მსგავსად, დაახლოებით ერთი თვის წინ, ფაიზერის ვაქცინაზეც "იგივე ამბავი იყო ატეხილი".

"ნორვეგიაში 23 ადამიანი რომ დაიღუპა ფაიზერის შემდეგ, ვაიმე, ფაზიერიო. ახლა იგივე ხდება ასტრაზენეკაზე. ის, ვინც რომელიმე ვაქცინის წინააღმდეგია, ის ყველა ვაქცინის წინააღმდეგია, გთხოვთ, ყველამ კარგად დაიმახსოვროთ.

რაღაცის შემდეგ [გარდაცვალება], არ ნიშნავს ვაქცინის გამო... როდესაც ასეულობით მილიონი ადამიანი იცრება მსოფლიოში, ეს ვაქცინები არის კოვიდისგან დასაცავად და არა სხვა დაავადებებისგან, შესაბამისად, როდესაც ასეულ მილიონობით ადამიანი აიცრება, სამწუხაროდ, ვიღაცას რაღაცა მოუვა და ამის დაკავშირება ვაქცინასთან უბრალოდ შეუძლებელია". – თქვა იმნაძემ და აღნიშნა, რომ ასტრაზენეკას შესახებ უკვე გამოქვეყნდა ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერულად დამტკიცებული მონაცემები.

"რომ ეს ყველაფერი, რაც მოხდა, ანუ სისხლის შედედების პრობლემები, არ განირჩევა ერთმანეთისგან ჩვეულებრივად, სტატისტიკურად, რაც არის აუცრელებში და რაც მოხდა აცრილებში...

...ასეთი რაღაცები არამარტო საქართველოში ხდება, სხვაგანაც არიან ადამიანები, სადაც ამეებს [დეზინფორმაციას] ავრცელებენ. მთავარია, ექიმი იმიტომ არის ექიმი, რომ მას უნდა ჰქონდეს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნა, ის უნდა ეცნობოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა რაღაც ჭორებს". – თქვა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა, რითაც, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი აიცრება.

კომენტარები