პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა

არჩილ თალაკვაძე

"ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული  და ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს". –თქვა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. 

" შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არამხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით არის გაკეთებული. 

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, ჩვენ ვუფრთხილდებით მათ არჩევანს და შეთანხმება შესაძლებელი არის მხოლოდ სამართლიან პირობებზე. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დგას საქართველოს კიდევ უფრო კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერების, ევროინტეგრაციის ამოცანები. 

უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული დღე, როცა ოპოზიცია რჩება ხელოვნურ კრიზისში და ბოიკოტში, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღე, ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ შევძლებთ სამართლიანი პირობების  გარშემო შეთანხმებას. დიალოგი გაგრძელდება, რჩება საკითხები რაზეც პოზიციების დაახლოება საჭიროა". – ამბობს თალაკვაძე. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი დღის განმავლობაში გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტს დატოვებს.

კომენტარები