პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე მოლაპარაკებებზე: წითელი ხაზი არის სამართლიანობა, მეტი არაფერი

Mzia Saganelidze (RFE/RL)

"ჩვენ გვაქვს მთავრი კრიტერიუმი, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

კობახიძის განმარტებით, შეხვედრის დეტალებზე დღის ბოლომდე ვერ ისაუბრებს, თუმცა იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება, „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის“.

კობახიძის განმარტებით, ქართული ოცნების მთავარი კრიტერიუმი შეთანხმების სამართლიანობაა და "წითელი ხაზი არის სამართლიანობა, მეტი არაფერი".

"ჩვენ გვაქვს მთავარი კრიტერიუმი, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება, უნდა იყოს სამართლიანი. ამის იქით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავრია, შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია, იმას ხელს მოვაწერთ... წითელი ხაზი არის სამართლიანობა, მეტი არაფერი." - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდა. მმართველი გუნდის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღის განმავლობაში მმართველი გუნდი კრისტიან დანიელსონს კიდევ შეხვდება.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტს დატოვებს.

კომენტარები