COVID-19-ის ვაქცინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson&Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson&Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის პარასკევს, 12 მარტს დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, Johnson & Johnson-ის ვაქცინა კოვაქსის პლატფორმამ ვაქცინების მსოფლიო გადანაწილების პროგრამაში ჩართოს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ფართო კლინიკური ცდების მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა ზრდასრულ მოსახლეობაში ეფექტიანია. Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცეს ევროკომისიამ და აშშ-ს მარეგულირებელმა სააგენტომ, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA). Johnson & Jonson-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა დაწყებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბაჰრეინში.

Jonson&Jonson-ით იმუნიზაციისთვის ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისია. ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ვირუსოლოგის, პოლი როის თანახმად, Jonson&Jonson-ის ვაქცინის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ აცრისთვის ერთი დოზაც საკმარისია. გარდა ამისა, ამ ვაქცინის შესანახად ძალიან დაბალი ტემპერატურა საჭირო არ არის, რაც მის ტრანსპორტირებასა და შენახვას აადვილებს.

აშშ-ში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ცდების შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია დაავადების რთული ფორმების პრევენციაში, მთლიანობაში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით, 66%-ით ეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ვინც კვლევის ფარგლებში ვაქცინა მიიღო, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა და ვაქცინის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში არავის დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია.

როგორ მუშაობს Covid-19-ის Jonson & Jonson-ისა და სხვა ვაქცინები, ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში:

კომენტარები