ბელარუსი

ევროვიზიამ 2021 წლის კონკურსში ლუკაშენკოს მხარდამჭერი ბელარუსული ბენდი დაბლოკა

ბელარუსული ჯგუფი Галасы ЗМеста

ევროვიზია 2021 წლის კონკურსში ბელარუსს არ დაუშვებს, თუკი ქვეყანა არ შეცვლის საკუთარ წარმომადგენელს ან სიმღერის ტექსტს. 

ბელარუსის წარმომადგენელი ბენდი Галасы ЗМеста იყო, რომელსაც უნდა შეესრულებინა სიმღერა სახელად "Я научу тебя" ("მე შენ გასწავლი"). სიმღერის ტექსტმა გააჩინა ეჭვები, რომ იგი ირონიულად ეხებოდა დემონსტრანტებს, რომლებიც თვეებია, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ პრეზიდენტი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. 

ევროვიზიის წესებით პოლიტიკური გზავნილის მატარებელი სიმღერების შესრულება კონკურსის ფარგლებში აკრძალულია. 

ბენდი Галасы ЗМеста-ს წევრები ცნობილი არიან ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ  მხარდაჭერით. მათ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე დემონსტრანტები "საყვარელი სამშობლოს დანგრევის მცდელობაში" დაადანაშაულეს. საინტერესო იყო ბენდის ვოკალისტი დმიტრი ბუტაკოვის სიტყვები, რომ ის საბჭოთა მენტალობის ადამიანია და დღემდე ვერ ეგუება ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა. 

"დიდი ეჭვი მაქვს, რომ [სიმღერის ტექსტში] არც არაფერს შევცვლით და ყველაფერი ამით დასრულდება" - უთხრა დმიტრი ბუტაკოვმა რუსულ სამთვრობო მედია РИА Новости-ის.

ბენდი ევროვიზიისთვის არა სახალხო გამოკითხვის პრინციპით, არამედ სახელმწიფო მაუწყებლობის მიერ შეირჩა. 

ევროვიზიაზე პოლიტიკური შინაარსის გამო კონკურსანტები გასულ წლებშიც არ დაუშვიათ. მსგავს შემთხვევებში მოხვდა საქართველოც, როდესაც 2009 წელს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სტეფანე და 3G-ს მიერ შესრულებული სიმღერა We Don't Wanna Put In არ დაუშვეს. შემსრულებლებმა სიმღერის ტექსტი არ შეცვალეს და კონკურსს გამოეთიშნენ. 

კომენტარები