ჩანაწერები

მდინარაძე: ქართული ოცნების პირობებში TV პირველს და სხვა მედიებს პრობლემა არ შეექმნება

ტაბულა

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისფლების პირობებში არცერთ ქართულ მედიას პრობლემები არ შეექმნება. 

"მინდა გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, გარანტირებულად, მთელი გუნდის სახელით საქართევლოში არა მხოლოდ ტვ პირველს, არამედ ნებისმიერ მედიასაშუალებას, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ამას შემთხვევით არ ვამბობ, ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით".- ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ "მოგონილია, თითქოს პროკურატურა TV პირველში შეჭრას აპირებს". 

"არავინ არსად შესვლას არ აპირებს! თხოვნა გვაქვს, ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და შემდეგ ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრზადებით. ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არათუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია". - ამბობს მდინარაძე. 


სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. პროკურატურის  განაცხადების თანახმად, სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება,  რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები