ჩანაწერები

საქალაქო: დათქმა, წინააღმდეგობისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენებაზე, სტანდარტულია

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, დათქმა, რომლის თანახმადაც, დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა, სტანდარტული ფორმაა. 

საქალაქოს განმარტებით, მსგავს დათქმას სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებსა და ანალოგიურ განჩინებებში მიუთითებენ და "არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა".

"გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა".- აღნიშნულია განცხადებაში. 


სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. პროკურატურის განცხადების თანახმად, განაცხადების თანახმად, სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება,  რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები