ჩანაწერები

ოპოზიცია: კრიტიკულად განწყობილ მედიაზე თავდასხმა ავტორიტარიზმის ნიშანია – არ შევეგუებით

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება TV პირველთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ თავს დაესხას კრიტიკულად განწყობილ მედიას, ავტორიტარიზმის ნიშანია და მას საზოგადოება არ შეეგუება. 

"ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით.

რეჟიმის სურვილი, დასაჯოს ყველა, ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოჰგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს, თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.

TV პირველმა, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილეს მძიმე დანაშაული. დანაშაული, რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას, რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა". – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ევროპული საქართველო
  • ლელო
  • თავისუფალი საქართველო
  • ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა
  • ტრიბუნა
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • რესპუბლიკური პარტია
  • პროგრესი და თავისუფლება
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • თავისუფალი დემოკრატები
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • მოძრაობა დროა
  • გამარჯვებული საქართველო
  • ევროპული დემოკრატები
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • ლეიბორისტული პარტია                                
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  • ემსახურე საქართველოს
  • ირაკლი ღლონტი

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. პროკურატურის განცხადების თანახმად, განაცხადების თანახმად, სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება,  რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები