ჩანაწერები

მდინარაძე: აფეთქებულია სოციალური ქსელი ხუმრობით – ბერამ იძალადა, ბერამ თმაში მომქაჩა

ტაბულა

"აფეთქებულია სოციალური ქსელი ხუმრობით - ბერამ დამაყაჩაღა, ბერამ იძალადა, ბერამ, 7 წლის იყო, მაგრამ თმებში მომქაჩა". – ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას.

"უკაცრავად, მაგრამ ხალხი ღადაობს ამაზე. უკვე ჩავარდა ეს პროექტი, მაგრამ, მინიმუმ, სამი ტელევიზია ძალისხმევას დებს, რომ რამენაირად საზოგადოებას დააჯეროს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ჩვენ, ყველა, ვართ მოძალადეები. ვერ დააჯერებენ. ტყუილი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი". – ამბობს მამუკა მდინარაძე იმედთან ინტერვიუში.


TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 

კომენტარები