გერმანია-რუსეთი

EUvsDisinfo: ევროკავშირში გერმანია რუსული დეზინფორმაციის მთავარი სამიზნეა

EUvsDisinfo

EUvsDisinfo-ს ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთის დეზინფორმაციის სამიზნე ყველაზე ხშირად გერმანია ხდება. 

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში 2015 წლიდან მოყოლებული გერმანიის წინააღმდეგ რუსული დეზინფორმაციის 700-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. ანგარიშში ნახსენებია ევროკავშირის სხვა რამდენიმე ქვეყანაც: საფრანგეთი, სადაც 300-მდე შემთხვევა დააფიქსირეს, იტალია - 170-ზე მეტი შემთხვევით და ესპანეთი - 40-ზე მეტი შემთხვევით. 

დეზინფორმაციის წყაროები არიან როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან კავშირში მყოფი მედია ორგანიზაციები, ისე თავად ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლები. ხშირია გერმანიის წინააღმდეგ რუსი პოლიტიკოსების სიტყვიერი თავდასხმები. ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას სიტყვები.

"გერმანია რუსეთის მიმართ პოზიტიური ინიციატივების წამომწყები იყო, ჩვენი ორმხრივი კონტაქტის ჩათვლით. საუბედუროდ, სიტუაცია შეიცვალა და ახლა საქმე სხვაგვარად წარიმართა. 2020 წლის მეორე ნახევარში, ევროკავშირის საბჭოში გერმანიის პრეზიდენტობის  პერიოდში, სწორედ ბერლინი იყო იმის ინიციატორი, რომ ევროკავშირს არა ერთი, არამედ რამდენიმე ანტირუსული სანქციები წაეყენებინა. ეს ნამდვილად მოწმობს იმაზე, რომ გერმანიის სტრატეგია არის ევროკავშირის რესურსების გამოყენება ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურად შესაზღუდად". – ამბობდა მარია ზახაროვა.

EUvsDisinfo-ს მიხედვით, რუსი პოლიტიკოსები მსგავსი საუბრით ცდილობენ, დახატონ ისეთი გერმანიის სურათი, სადაც მხოლოდ რამდენიმე "საღად მოაზროვნე" ადამიანი არ ყვება არარაციონალურ რუსოფობიულ ტალღას. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ მსგავს საუბრებში რუსი პოლიტიკოსები არასდროს უსვამენ ხაზს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის დონბასის ნაწილების ოკუპაცია, ყირიმის ანექსია, 2014 წელს უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, სკრიპალის მოწამვლის საქმე, ბერლინში ქართველ-ჩეჩენი დისიდენტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობანავალნის საქმე და ამ უკანასკნელთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაუნდობლად დარბევა.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ასევე ცდილობს რუსოფობული გერმანიის სურათის დახატვას, სადაც ეთნიკურად რუსებს ართმევენ ბავშვებს და ამას ბავშვთა უფლებებით ამართლებენ. EUvsDisifno-ს მოყვანილი აქვს მსგავსი რამდენიმე შემთხვევა რუსული პრესიდან, მაგალითად:

"საბჭოთა კავშირში არასდროს შემოგეჭრებოდნენ ოჯახში "ბავშვთა უფლებების" ქვეტექსტის გამოყენებით, როგორც ამას ევროპასა და აშშ-ში აკეთებენ. ვის გადასცემენ წაყვანილ ბავშვებს? რა ოჯახებში მოხვდებიან? იქნებ პედოფილებსა და სხვა გარყვნილებს გადასცენ?" - წერს რუსული საინფორმაციო გამოცემა ცარგრადი, გერმანიაში რუსი მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევის შემთხვევებთან დაკავშირებით. 

ასევე ანგარიშში ნახსენებია რუსული შეთქმულების თეორიები, რომ ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია გერმანიის აგენტია. 

ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ რუსული მედიასაშუალებების გერმანულენოვან გამოცემებში ამოღებულია მსგავსი ანტიგერმანული შინაარსის ნარატივები. EUvsDisinfo-ს შეფასებით რუსეთი ახდენს ევროპისა და გერმანიის დიალოგში ჩართულობის სურვილის ექსპლუატაციას, როდესაც თავადაც თანახმაა და სურს დიალოგი, მაგრამ მეორე მხრივ ხელს უწყობს ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებას.

კომენტარები