სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში ეჭვმიტანილები რუსეთის მოქალაქეები არიან

Met Police

დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის რუსული ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის საქმეზე ეჭვმიტანილად რუსეთის ორი მოქალაქე დასახელდა.

სკოტლანდ იარდის მიხედვით საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისათვის, რომ ალექსანდერ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი სოლსბერის თავდასხმისათვის გაასამართლონ.

გამოძიებს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ორი ეჭვმიტანილი, რომელთა ასაკი 40 წლამდეა მოსკოვიდან გატვიკის აეროპორტში 2 მარტს ჩავიდა, იქიდან კი 4 მარტს სოლსბერიში გაემგზავრნენ.

პოლიცია თავდასხმას კიდევ ორი ადამიანის მოწამვლასთან აკავშირებს, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. სავარაუდოდ ისინი მას შემდეგ მოიწამლნენ, რაც შეხება ჰქონდათ პარფიუმერიის ბოთლთან, რომელიც, სავარაუდოდ, სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების მისასხურებლად გამოიყენეს.

უკვე გამოიცა ევროკავშირის მასშტაბით დაკავების ორდერი. დიდი ბრიტანეთი მათი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთს არ მიმართავს, რადგან ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის თაობაზე შეთანხმება არ არსებობს.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს სახელები და ფოტოები "მოსკოვისათვის არაფერს ნიშნავს."

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

გასულ თვეს აშშ-მა სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

კომენტარები