პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ღარიბაშვილის მოლაპარაკებებიდან მოხსნა უნდა მოვითხოვოთ, დანარჩენს ვნახავთ

ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის შესახებ უნდა შეჯერდეს და "გაერთიანებულად უნდა მოითხოვოს, რომ ქართული ოცნების მხარეს მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილი არ წარმოადგენდეს".

ტაბულას კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას და შეჩერდება თუ არა პროცესი, სამადაშვილი პასუხობს, რომ "დანარჩენი რა და როგორ მოხდება, ამაზე შეგვიძლია, მომავალში ვისაუბროთ". 

"მე არ მგონია რომ მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ მოლაპარაკებების პროცესის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ოპოზიციის მხრიდან საერთო პოზიციის დაფიქსირება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელთანაც ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებები წარვმართოთ, იქნება სწორი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია უნდა დააფიქსიროს მთლიანად ოპოზიციამ. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან მოლაპარაკებები და ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი, იმიტომ, რომ ეს მოლაპარაკებები არ არის მის გარშემო. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ევროკავშირმა შემოგვთავაზა და რომელშიც, ცხადია, მონაწილეობის მიღება გვსურს და გვინდა". – ამბობს სამადაშვილი ტაბულასთან საუბარში. 

ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებებიდან მოხსნის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.  

შეაგინე ბერას – ამ სახელწოდებით 7 მარტს, 18:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 


პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო. 

ქართულ ოცნებას 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია". 

კომენტარები