ვაქცინაცია

იმნაძე: ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ

Tv იმედი

"დაახლოებით ასე – "თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?" – ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

1 მარტს, IPN-მა გაავრცელა COVAX-ის განმარტება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თებერვალში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ გამორიცხული არაა, სამინისტრომ COVAX პლატფორმას უჩივლოს. ტიკარაძის შეფასებით, პლატფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეპუტაციულ რისკებს შეიცავს.

ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს", თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის.

ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინის მოწოდება მარტის ბოლომდე გადაიდო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რაც პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას უკავშირდება. 

საქართველოში ფაიზერის გარდა, Covax-პლატფორმიდან ასტრაზენეკას 184 000 დოზა ვაქცინა უნდა შემოსულიყო, თუმცა, NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში პირველად ვაქცინის ის დოზები შემოვა, რომელიც პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდეს. მისი აზრით, ეს უფრო რეალური ჩანს.

ვაქცინაცია უკვე დაიწყო მსოფლიოს 103 ქვეყანაში. ჯამურად ამ ქვეყნებში 241 მილიონი აცრა გაკეთდა.

კომენტარები