შარლ მიშელის ვიზიტი

ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

ორბელიანების სასახელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ოპოზიციისა და ქართული ოცნების შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა.

ღარიბაშვილის თქმით, ის და ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

"ბატონი შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი ჩვენი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში, რეჟიმში. ჩვენ დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს - მმართველ პარტიასა და ასევე, ოპოზიციას და ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომლებზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები და მე მათ, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი, ასევე ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. მე, რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩვენ შემდეგ ნაბიჯზე ჩამოვყალიბდებით და ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ პოზიციას". – თქვა მან.

პრემიერმინისტრმა ასევე გაახმოვანა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რომ "რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად - ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესს".

ღარიბაშვილისვე თქმით, გაერთიანება უნდა მოხდეს იმ საკითხებზე, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.

"მე კიდევ ერთხელ განვაცხადე შეხვედრაზე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული იდეა საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხსა და ერს გააერთიანებს, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შესაძლოა, გვქონდეს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს არის ოკუპაცია, სიდუხჭირე, კოვიდ პანდემია, აი სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო კონცენტრირება და გაერთიანება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი". – თქვა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს, 1 მარტს, 20:00 საათზე დაიწყო. 

კომენტარები