შარლ მიშელის ვიზიტი

ხაზარაძე: მიშელს შევთავაზე, რომ გაფორმდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტი

"შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში". – განაცხადა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს. 

"მე ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, პანდემიურ კრიზისში. ქვეყანა არის გაყოფილი ორად. საზოგადოება არის დაპირისპირებული, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომ მომავალში ვიაროთ და სახელმწიფოებრივი მშენებლობა გავაგრძელოთ, არის რიგგარეშე არჩევნები და სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ ამ რიგგარეშე არჩევნების. ხაზი იყო გასმული, რომ პოლიტიკური დევნა უნდა დამთავრდეს. ასევე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების იარაღად გამოყენება ოპონენტების მიმართ". – ამბობს ხაზარაძე

ხაზარაძე იმედოვნებს, რომ "მივიღებთ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს ამ პროცესში". 

"ქართული ოცნება ეწინააღმდეგება პოლიტპატიმრების აღიარებას, არჩევნების გაყალბებას და მე მგონი ნათელია სურათი, რომ თვითონ ის მზაობა, რომ მოხდეს მედიატორობა და არა ფასილიტატორობა მხოლოდ და დაველოდოთ მოვლენებს, როგორ იქნება გაგებული მათ მიერ. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. მე შევთავაზე ასევე ასეთი ტერმინი, რომ მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება. ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო და მგონი ესეც ყურად იღეს, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, როცა დამთავრდება ყველა ეს საკითხი, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის არის, დამთავრდეს დიდი ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერით". – ამბობს მამუკა ხაზარაძე.  

კომენტარები