ვაქცინაცია

გაბუნია: ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია Covax-თან და არა NCDC-ს

საქართველოს მთავრობა

"ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს პირდაპირ კომუნიკაციას კოვაქსის საშუალებით, სადაც ჩართულია ფაიზერიც". – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა კომუნიკაცია ფაიზერთან თუ ჯანდაცვის სამინისტროს.

"ეს არის სამმხრივი კომუნიკაცია, რომელსაც წარმართავს ჯანდაცვის სამინისტრო". – ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს მთლიანად უწყებთაშორისი საკოორდინაციო საბჭო წარმართავს. მასში შედის ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ჯანდაცვის სამინისტროში არის ვაქცინის შესყიდვის საბჭო, რომელიც წარმართავს შესყიდვის პროცედურებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება შემსყიდველი ანუ გადაიხდის თანხას და მიიღებს ვაქცინას იუნისეფის მექანიზმის ფარგლებში, რადგან არის გამართული მექანიზმი მათთვის. ბატონი ამირან აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერთან, რათა დავგეგმოთ და გავიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი და, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან მიმართებით". –  განაცხადა თამარ გაბუნიამ ამირან გამყრელიძის შესაძლო გადაყენებასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე.

დღეს, 1 მარტს, IPN-მა Covax-ის განმარტება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრეტაცია" უწოდეს. უწყებამ კოვაქსს "ნახევარი საათის წინ" მიმართა და განცხადების განმარტება მოსთხოვა.

კომენტარები