შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი ხურვალეთის მოსახლეობას: არ ხართ მარტო, ევროპა მშვიდობის და უსაფრთხოების მომხრეა

შარლ მიშელი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩასვლის შემდეგ კომენტარს აკეთებს ჟურნალისტებთან. მიშელმა მიმართა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და თქვა, რომ ევროპა იქნება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და კორუფიასთან ბრძოლის მიმართულებით გატარდეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები. მისი თქმით, პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ის ასევე გეგმავს შეხვედრას სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც.

"ჩვენ ვიცით, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსური და რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას - თქვენ არ ხართ მარტო, ევროპა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მომხრეა. მე მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს. ასევე მექნება დღისით შეხვედრა სხვა პოლიტიკურ აქტორებთან და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გავაძლიეროთ კავშირი საქართველოსა და ევროპას შორის და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს რეფორმები, რომლებიც საჭიროა, არა ევროპისთვის, არამედ საჭიროა საქართველოს მოსახლეობისთვის: კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრამების შემუშავება". – ამბობს შარლ მიშელი

შარლ მიშელმა ასევე კორონავირუსზე და ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირი შეეცდება საქართველოში ვაქცინის შემოტანაში როლი ითამაშოს.

"Covid-19 დიდი გამოწვევაა საქართველოში, ევროპაში და ყველგან მსოფლიოში. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა შევიმუშაოთ აღდგენის სტრატეგია, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ჩვენ ასევე ვეცდებით, ვითამაშოთ როლი, როდესაც საქმე შეეხება ვაქცინაციას, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა. ჩემი ვიზიტი დღეს არის შესაძლებლობა, გამოვხატო ევროპული მხარდაჭერა სტაბილურობის, უსაფრთხოების, საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ". – თქვა შარლ მიშელმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

კომენტარები