ეკონომიკა

რუსეთის მთავრობამ ხორბალი გააძვირა - საქართველოში რუსული ხორბლის წილი 90%-ს აღწევს

რუსეთის მთავრობამ წელს უკვე მეორედ საექსპორტო ხორბლის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო. ხორბლის შესაძლო გაძვირების შესახებ წინა კვირებში გახდა ცნობილი, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ დღეს მიიღეს. 

ამგვარად, პირველი მარტიდან რუსეთიდან 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ტარიფი 25 ევროს ნაცვლად 50 ევრო იქნება. გარდა ამისა, 10 ევრომდე იზრდება ტარიფი ქერის და 25 ევრომდე სიმინდის ექსპორტის შემთხვევაში. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ე.წ. საბაჟო კავშირის წევრები. 

როგორც რუსეთში აცხადებენ, ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე ტარიფის ზრდა კომპლექსური ზომების ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია, არ დაუშვას სამომხმარებლო ფასების ზრდა. შემოდგომაზე რუსეთის მთავრობამ შეადგინა "სოციალურად მნიშვნელოვანი" პროდუქტების ჩამონათვალი და ამ პროდუქციაზე ზღვრული ფასები დაადგინა. 

მოსალოდნელია, რომ რუსული ხორბლის გაძვირება პირდაპირ აისახება საქართველოზეც. მთავრობამ გასულ კვირას უკვე მიიღო სუბსიდიის გაზრდის გადაწყვეტილება, რათა შეეჩერებინა პურზე ფასების ზრდა. მთავრობამ ტომარა ფქვილზე 10-ლარიანი სუბსიდია 15 ლარამდე გაზარდა. უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ეს თანხა უკვე გაძვირებული პროდუქციის შემთხვევაში. 

საქართველო თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსულ ხორბალზე. გასული წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 97 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი შეიძინა. ამავე პერიოდში საქართველომ სულ 22 მილიონი დოლარის სიმინდის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 19 მილიონი დოლარის სწორედ რუსული წარმოების სიმინდზე დაიხარჯა.

რუსულ მარცვლეულზე ფასის ამგვარი მატება კიდევ უფრო დრამატულია, ელექტროენერგიისა და გაზის გაძვირების ფონზე, კომერციული ობიექტებისთვის. მიუხედავად მთავრობის მიერ ინიცირებული სუბსიდირების პროგრამისა, რომელიც მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქციის მწარმოებელ ბიზნესზე ვრცელდება, მოსალოდნელია, რომ გარკვეული ტიპის პროდუქციაზე ფასები მომდევნო თვეებში საგრძნობლად გაიზრდება.

 

კომენტარები