შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი: პოლიტიკური კრიზისი ძალიან აშფოთებს ევროკავშირს და პირადად მეც

შარლ მიშელი
Reuters

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრა. შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ევროპარლამენტის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსაც შეეხო.

"ჩემი ვიზიტი მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზის ფონზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს მდგომარეობის განეიტრალება. ჩვენი შეხვედრის დროს მე მოვუწოდებ პასუხისმგებლობიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ მხარეებს შორის, ოპოზიციასა და მთავრობას [შორის]". – ამბობს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღის მეორე ნახევარში ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ თალაკვაძესა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

"დღის მეორე ნახევარში მექნება საშუალება, რომ შევხვდე და გულწრფელი საუბარი მქონდეს პრემიერმინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. პოლიტიკური დებატები საჭიროებს ყოველი მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, რომ ეს გამოწვევა დაძლიოს და დემოკრატიული ბაზები განამტკიცოს, რათა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული იყოს, განხორციელდეს ადამიანთა სურვილები და პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიითა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით იქნება გამყარებული. ეს ყველაფერი განამტკიცებს ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს მიზნები ასახულია ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებაშიც, რომელიც საკმაოდ ამბიციურია და მოიცავს ევროპისა და საქართველოს ვალდებულებებსაც". – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა შარლ მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

კომენტარები