შარლ მიშელის ვიზიტი

ზურაბიშვილი მიშელთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ საქართველოს სჭირდება შერიგება, დიალოგი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის, და როგორც არასდროს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე ხელი არ შეუშალოს. 

ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, საჭიროა, ის რაც იყო და არის, საქართველო - სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, ისევე როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოსტკრიზისულ გეგმაზე ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ. 

ჩვენ შეხვედრაზე ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შესრულდეს და იმ გზაზე წაიყვანონ საქართველო, რომელიც საზოგადოების მიერ არის მოთხოვნილი გზა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო! თქვენი ადგილი და ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი...

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები