ნიკა მელიას დაკავება

მიკსი საქართველოს შესახებ ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარების განცხადებას შეუერთდა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროპული და ამერიკული საკანონმდებლო ინსტიტუტების წარმომადგენლების განცხადებას შეუერთდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიტვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი წერს.

"დღეს გრეგორი მიკსმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გვაცნობა, რომ უერთდება ბალტიის ქვეყნების პარლამენტარების, პოლონეთის პარლამენტის, ჩეხეთის სენატისა, გერმანიის ბუნდესტაგის და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის განცხადებას საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. კონგრესის ორივე პალატამ გამოგვიცხადა მხარდაჭერა". – წერს პავილიონისი.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:

ნიკა მელიას დაკავების მიზნით საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმმა ცხადყო, თუ რამდენად მყიფეა დემოკრატია და თავისუფლება საქართველოში. ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების გაცხადებულ მიზნებთან და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც თბილისში, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების შუამდგომლობით გაფორმდა. 

მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან გამოსავლის საძიებლად და, სხვების მსგავსად, არ მიმართონ ისეთ ზომებს,  რაც ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

დესტაბილიზაციის გამომწვევი და ანტიდემოკრატიული მოქმედებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ახლაც გრძელდება, ხაზს უსვამს ძალაუფლების და, შესაბამისად, თავშეკავების ვალდებულების მქონეთა პერსონალურ პასუხისმგებლობას და თვალსაჩინოს ხდის შედეგებს, რასაც მათი ნაბიჯები გამოიწვევს მთელი ერისთვის, მათ შორის იმათთვისაც, ვისაც ძალაუფლება არა აქვს. 

თავისუფალი საქართველოს ადგილი რომ ევროპულ ოჯახშია, ეჭვგარეშეა, მაგრამ ძალადობამ და თავისუფლებაზე თავდასხმამ ამ ამოცანას საფრთხე შეუქმნა.

საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუხჩინსკი, ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, ესტონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რიიგიკოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონი, ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი და დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდატი.

კომენტარები