ნიკა მელიას დაკავების შეფასებები დასავლეთიდან

ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები: ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილი საფრთხეშია

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად საქართველოში არსებულ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიზანი ქვეყანაში ანტიდემოკრატიული ტენდენციების შეკავებაა. მას ხელს აწერენ ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუხჩინსკი, ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, ესტონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რიიგიკოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონი, ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი და დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდატი.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:

ნიკა მელიას დაკავების მიზნით, საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმმა ცხადყო რამდენად მყიფეა დემოკრატია და თავისუფლება საქართველოში. ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების გაცხადებულ მიზნებთან და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც თბილისში, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების შუამდგომლობით გაფორმდა. 

მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან გამოსავლის საძიებლად და სხვების მსგავსად, არ მიმართონ ისეთ ზომებს,  რაც ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

დესტაბილიზაციის გამოწვევი და ანტიდემოკრატიული მოქმედებები, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ახლაც გრძელდება, ხაზს უსვამს ძალაუფლების და შესაბამისად, თავშეკავების ვალდებულების მქონეთა პერსონალურ პასუხისმგებლობას და თვალსაჩინოს ხდის შედეგებს, რასაც მათი ნაბიჯები მთელი ერისთვის გამოიწვევს, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ძალაუფლება არ აქვს. 

თავისუფალი საქართველოს ადგილი რომ ევროპულ ოჯახშია, ეჭვგარეშეა, მაგრამ ძალადობამ და თავისუფლებაზე თავდასხმამ ამ ამოცანას საფრთხე შეუქმნა.

განცხადებას თან ერთვის ჟიგიმანტას პავილიონისის კომენტარი:

"მიუხედავად კრემლის მცდელობების და საქართველოს გაყოფისაკენ მიმართული საინფორმაციო თავდასხმებისა, სოლიდარობის გამომხატველი ეს განცხადება გავავრცელეთ საგარეო საქმეთა კომიტეტების ყველაზე გავლენიან თავმდჯომარეებთან ერთად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარტო არ ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ბრძოლაში და ამისათვის ძალაუფლების მქონე პირების პირადი პასუხისმგებლობის ხაზგასმაში ძალადობის და თავისუფლებაზე თავდასხმის წაქეზების გამო".

კომენტარები