ნიკა მელიას დაკავება

შსს: ენმ-ის წარმომადგენლებმა ამოღებული ტექნიკის დასაბრუნებლად გამოცხადებაზე უარი თქვეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ამოღებულ ტექნიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლებმა მათ დასაბრუნებლად სამინისტროში გამოცხადებაზე უარი თქვეს. 

"2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა". - წერია განცხადებაში. 


ნაციონალური მოძრაობის ოფისში თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცრაზმის შესცლის შემდეგ პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "დარბეულია მთელი ოფისი, წაღებულია სერვერები და არქივი განადგურებული". შსს-ს ინფორმაციით, სერვერები მიმდინარე გამოძიებისთვის ამოიღეს.

კომენტარები