საქსტატი

საქსტატი – იანვარში ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნის მიზეზები

1TV

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რეალური მშპ  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა. 

ამის შესახებ ისაუბრა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ სპეციალური  ბრიფინგზე, რომელიც ეხებოდა ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშრებულ  მიზეზებს.

რთული ვითარებაა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში. შარშანდელთან შედარებით, 2021 წელს 23%- ით შემცირდა ახალი საწარმოების  რაოდენობა. ამასთან ერთად, 8,1%-ით შემცირდა  დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და მან 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარში შემცირებას განაგრძობს ექსპორტ-იმპორტიც. ექსპორტი  შემცირდა 16.2%-ით, ხოლო იმპორტი - 16.6%-ით. დაახლოებით, 18%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი და  26%-ით შემცირდა ცემენტის იმპორტის მოცულობა.  

კლების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა  და რესტორნების, დამამუშავებელი მრეწველობის,  ხელოვნების, გართობის, დასვენების, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობათა სექტორებში.

ტრანსპორტის სექტორში კლების მიზეზები ძირითადად უკავშირდება საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობის შემცირებას, თუმცა კლება გამოვლინდა სახმელეთო  ტრანსპორტის სექტორშიც, სადაც კლების მიზეზად სახელდება ტვირთების მომსახურების მოცულობის შემცირება.

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლება გამოიწვია საერთაშორისო ვიზიტორების შემცირებამ და მათმა შეზღუდული სახით ფუნქციონირებამ, რადგან პანდემიის პირობებში ისინი  ძირითადად მზა საკვების გატანის სერვისზე იყვნენ ორიენტირებული. 

რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, გოგიტა თოდრაძის თქმით, 94%-ით შემცირდა მათი ვიზიტების რაოდენობა საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად აისახა ტურისტული სექტორის შემოსავალზე. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ტურიმზიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა 2.7 მილიარდი ლარით.

გოგიტა თოდრაძის მიხედვით,  კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში შეინიშნება სასმელების წარმოების, ასევე, სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის მიმართულებით.  იანვარში თითქმის  განახევრებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. 

ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში კლება გამოიწვია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებამ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასვენების, გართობის, სპორტის და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების შემცირებამ.

უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში კლების ტენდენცია დაკავშირებული იყო საცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვასთნ და იჯარით გაცემასთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის შემცირებასთან. 

მეორე მხრივ, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების  და ნარჩენების მართვის სექტორებში. 

"საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის გამოწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც დაკავშირებული იყო ფიზიკური პირებისათვის გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ". - თქვა გოგიტა თოდრაძემ 


მეთერთმეტე თვეა, საქართველოს ეკონომიკა მცირდება. თავდაპირველად მთავრობა მშპ-ს 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა ნოემბრის ბოლოს შემოღებული შეზღუდვების შემდეგ კლების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.

გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი - 5.1% ზრდა;
  • თებერვალი - 2.2% ზრდა;
  • მარტი - 2.7% კლება;
  • აპრილი - 13.5% კლება;
  • მაისი - 16.6% კლება;
  • ივნისი - 7.7% კლება;
  • ივლისი - 5.5% კლება;
  • აგვისტო - 5.3% კლება
  • სექტემბერი - 0.7% კლება;
  • ოქტომბერი - 3.9% კლება;
  • ნოემბერი - 7.7% კლება;
  • დეკემბერი - 7.9% კლება;

რას ნიშნავს საქართველოსთვის ეკონომიკის 6%-იანი შემცირება, ვრცლად, შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

კომენტარები