საქსტატი

საქსტატი: ზეთზე, ბოსტნეულზე ფასი შემცირდა, გაიზარდა ხილსა და ხორცზე, წლიური ინფლაცია 0.4%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.1%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 3.4%-ით გაიზარდა. განათლება - 3.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 2.3%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.4%-ით, ტრანსპორტი კი - 5.1%-ით.

საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა. დასვენება-გართობა-კულტურა 1.6%-ით გაიაფდა, კავშირგაბმულობა 2.3%-ით და და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი 0.1%-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რაც
0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.3%), პირად ჰიგიენასა (5.7%) და პირად ნივთებზე (6.1%).

საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-19.2%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.8%), პურსა და პურპროდუქტებზე (-8.0%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-3.3%-ით), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3.1%-ით). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3%), თევზეულზე (5%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3%).

კომენტარები