კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის სამინისტრო: კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი ვაქცინის მიღების ზუსტი დრო

Reuters

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირის ბოლომდე დაგეგმილი კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას. დღეს, 25 თებერვალს, ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

"სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, COVID-19-ის ვაქცინის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, COVAX-ის, Pfizer-ის და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც COVAX პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ AstraZeneca-სთან​.

ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა თებერვლის მეორე ნახევარში უნდა შემოსულიყო, თუმცა, "მომარაგების პრობლემის" გამო ჯერ მარტის შუა რიცხვებამდე, შემდეგ კი მარტის ბოლომდე გადაიდო. რაც შეეხება ასტრაზენეკას, ამირან გამყრელიძის თქმით, "თუ არ დაგვაღალატეს, მარტში რამდენიმე ასეული ათასი დოზა მარტში უნდა მივიღოთ".

აღსანიშნავია, რომ თვეებია, საქართველო Covax-პლატფორმის წევრია და მისგან 700 000 ადამიანის სამყოფი ვაქცინა აქვს ნაყიდი, თუმცა, ჯერ არც ერთი დოზა არ მიუღია. ეპიდემიოლოგები ხშირად იმეორებენ, რომ "ცოტა მეტი გადავიხადეთ", რათა ქვეყანას ვაქცინის არჩევა შეძლებოდა.

კომენტარები