ნიკა მელიას დაკავება

PACE: პოლიციის რეიდმა ენმ-ის ოფისზე და მელიას დაკავებამ გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა – ტიტუს კორლატენმა და კლოდ კერნმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.

"მართალია, კანონის ზემოთ არავინ უნდა იდგეს, თუმცა პოლიციის რეიდმა ენმ-ის სათაო ოფისზე და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ გამოიწვია დაძაბულობის არასაჭირო ესკალაცია ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში". - ამბობენ თანამომხსენებლები.

"საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება". - თქვეს კორლატენმა და კერნმა.

​თანამომხსენებლები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ მოქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, გამოიწვიონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა იპოვონ მიმდინარე კრიზისის პოლიტიკური და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტის გზა.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები