ჟერარ დეპარდიე

გაუპატიურების ფაქტზე პროკურატურამ ჟერარ დეპარდიეს მიმართ გამოძიება დაიწყო

CNN

საფრანგეთის პროკურატურამ, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს მიმართ ოფიციალური გამოძიება დაიწყო.

22 წლის მსახიობი ქალის თქმით, ინციდენტი 2018 წელს დეპარდიეს სახლში მოხდა. დეპარდიე მას თავს დაესხა და გააუპატიურა. სავარაუდო დაზარალებულის ვინაობა არ სახელდება. 

მსახიობმა ქალმა საჩივარი 2018 წლის აგვისტოში შეიტანა, 2019 წელს პარიზის პროკურატურამ საქმე დახურა, თუმცა 2020 წელს გამოძიება კვლავ განახლდა, აქამდე საქმეს ფორმალური სახე ჰქონდა. ფრანგული კანონების მიხედვით, ფორმალური გამოძიებისას პროკურორები იკვლევენ საქმის დეტალებს, დამაჯერებელი მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში პროკურატურა ოფიციალურ გამოძიებას იწყებს.

"ჩემი კლიენტი ბრალდებით შოკირებულია. ბატონი დეპარდიე უარყოფს გაუპატიურებისა და ძალადობის ფაქტს". – ამბობს მსახიობი ადვოკატი, ერვე ტემიმი.

დეპარდიე ერთერთი ყველაზე ცნობადი ფრანგი მსახიობია, რომელსაც კარიერის განმავლობაში 180 როლი აქვს შესრულებული. არის არაერთი სეზარის მფლობელი და ოსკარის ნომინანტი. 2013 წელს სამშობლოში გაზრდილი გადასახადების გამო ვლადიმერ პუტინისგან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა საცხოვრებლად რუსეთს ბელგია ამჯობინა.

 

კომენტარები