ნიკა მელიას დაკავება

ჯაფარიძე: ელჩებმა უკვე დაინახეს, რომ ინსტიტუტები არ არსებობს

ჩვენ ავუხსენით ჩვენი პოზიცია, ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას, როგორ ვხედავთ გამოსავალს. არაფერი ახალი იქ არ გვითქვამს. საიდუმლოდ არაფერს არ ვლაპარაკობთ, საჯაროდ რასაც ვლაპარაკობთ, იგივე ვისაუბრეთ იქაც, სად არის გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ხელახალ არჩევნებში, ახალი წესებით, და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაში. მათი მხრიდანაც იყო მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. იქ არის ჩემი აზრით ცვლილება და მათ შორის ეს ჩანს მათ საჯარო განცხადებებშიც. მათი აზრია, რომ დღეს დილით მომხდარმა გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი.

გამოსავალი, ჩემი აზრით, არის იმაში, რომ აქ, ქვეყნის შიგნით უნდა იყოს პროტესტი და ამ პროტესტს, მათ შორის, მოჰყვება ის, რომ გარედანაც ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან იქნება წნეხი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ქართული ოცნება დასვას მოლაპარაკების მაგიდაზე, ოღონდ სერიოზულად დასვას და უკან დაახევინოს და ამ 4 პუნქტზე შეგვითანხმდნენ, არის ძალა. ძალის გარდა მათ არაფერი არ ესმით. 

რჩევა იყო, რომ ხედავდნენ გამოსავალს ინსტიტუტების გამოყენებაში და ახლა ნათლად დაინახეს, რომ ინსტიტუტები არ არსებობს 

ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა. მას შემდეგ, რაც 23 თებერვლის დილით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს, ოპოზიციის წევრები ფასილიტატორ ელჩებს შეხვდნენ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ელჩები ოპოზიციას ურჩევდნენ, ბოიკოტის ნაცვლად, გამოეყენებინათ ინსტიტუტები. 

კომენტარები