ნიკა მელიას დაკავება

რა საფრთხეს შეიცავს დახურულ სივრცეში გაზის გაშვება – იურისტების განმარტება

Reuters

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს, 23 თებერვალს, პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების მოტივით, სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა. სპეცოპერაციის ჩატარებისას ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას მხარდამჭერები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სპეცრაზმმა შენობაში შეჭრის შემდეგ ხალხის მასა წიწაკის გაზის გამოყენებით გაარღვია, რის შედეგადაც 17 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათგან ორის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

რა საფრთხეს შეიცავს და რა პრობლემებთანაა დაკავშირებული დახურულ სივრცეში წიწაკის გაზის გამოყენება – ამ კითხვით ტაბულა იურისტებს დაუკავშირდა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელის, (GDI) გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, ისეთი სპეციალური საშუალებების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მაშინ, როდესაც ადამიანები აგრესიულ წინააღმდეგობას არ უწევენ სამართალდამცველებს და არ ემუქრებიან მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას – დაუშვებელია.

"ჩვენ ვხედავდით, რომ ადამიანები ფანჯრების ჩამტვრევას ცდილობდნენ, რომ ჰაერი ესუნთქათ, ყოვლად მიუღებელი ზომაა, თუნდაც ამ ტიპის ოპერაციისთვის". – ამბობს გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან საუბარში.

თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, გვანცა კვარაცხელია ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, როდესაც ამის ისეთი საჭიროებაა, როგორიცაა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღკვეთა. მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ, რომელზეც პოლიციას სრული კონტროლი აქვს დამყარებული, (ე.წ. kettling) წიწაკის გაზის გამოყენება – არაპროპორციულია.

 

"ქიმიური საშუალებების გამოყენება, შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს დახურულ სივრცეში დიდი კონცენტრაციით გაფრქვევისას. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, დაზიანებების საფრთხე და ლეტალური შედეგებით დასრულების რისკიც კი დგას, რადგან ადამიანს არ შეუძლია დახურული სივრცის განიავება ან გასვლა და ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ რჩება". – ამბობს გვანცა კვარაცხელია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს.

კომენტარები