ეკონომიკა

როდის "გაპარტახდა" ეკონომიკა?

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ვარდების რევოლუციის შედეგად ქვეყნის "ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა."

"მძიმე ათწლეულით დაღლილმა ხალხმა იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად, განვითარების ნაცვლად მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

რბილად რომ ვთქვათ, ღარიბაშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება - ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დინამიურად და სწრაფად იზრდებოდა. 2004-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები ყველა საზომით აღემატება ქართული ოცნების მმართველობის წლებში მიღწეულ ზრდას. 

მაგალითად, 2004 წელს მშპ-ს მოცულობა 17.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 30.4 მილიარდ ლარს უტოლდებოდა, გამოდის, რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ წლებში ეკონომიკა ჯამურად 70.7%-ით გაიზარდა. 

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა, თუმცა ეს მონაცემები წინასწარია და შესაძლოა, უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ 2013-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკა 30.4 მილიარდი ლარიდან დაახლოებით 38 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 25%-ია. 

გამოდის, რომ ღარიბაშვილის თქმით, იმ წლებში, როდესაც ეკონომიკა "ბოლომდე გაპარტახდა", ეკონომიკა 2.8-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე თავად ღარიბაშვილის გუნდის მმართველობის წლებში. 

სურათი უცვლელი იქნება თუ საზომად სხვა ინდიკატორებს გამოვიყენებთ - მაგალითად, 2004-2012 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 4 488 ლარიდან 8140 ლარამდე გაიზარდა, ზრდამ 81% შეადგინა. 2013-2020 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 8 140 ლარიდან 10 358 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 27% [2020 წლის 6%-იანი კლების გათვალისწინებით].

დაახლოებით, იგივე თანაფარდობა შენარჩუნდება, თუ საზომად ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიურ მაჩვენებლებს ავიღებთ, მაგალითად, 2004-2012 წლებში რუსული სამხედრო აგრესიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი 6.5%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ქართულ ოცნების მმართველობას 2013-2020 წლებში, ეკონომიკური ზრდის საშუალო ყოველწლიური ტემპი დაახლოებით 2.8%-ს შეადგენს. 

სურათი კიდევ უფრო დრამატული იქნება, თუ ბოლო რვა წლის ეკონომიკურ ზრდას ამერიკულ დოლარში გავზომავთ. ეროვნული ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ისედაც უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდა.  IMF-ის მონაცემებით, მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში 2012 წელს მშპ ერთ მოსახლეზე $4,409 დოლარს შეადგენდა. სავალუტო კრიზისის შედეგად, 2020 წლის ბოლოს იგივე მაჩვენებელი 4 405 დოლარს შეადგენს, ანუ 4 დოლარით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2012 წელს. 

სხვადასხვა ეკონომიკური ასპექტის გამო, აღნიშნული ინდიკატორი მიმდინარე ფასებში წარმოდგენილი მშპ-ს მაჩვენებლები სრულ სურათს არ იძლევა. უფრო ზუსტი საზომი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათანაბრების წესის [Purchasing Power Parity] მიხედვით დათვლილი ეკონომიკური ზრდა იქნება. 

ამ საზომის მიხედვით, 2003 წელს, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4 100 დოლარს შეადგენდა. 2004- 2012 წლებში მაჩვენებელი 9 800 დოლარს გაუტოლდა, რაც ნიშნავს, რომ მაჩვენებელი თითქმის 140%-ით გაიზარდა. შედარებისთვის 2012-2020 წლებში მაჩვენებელი 9 800 დოლარიდან 15 100 დოლარამდე გაიზარდა, რაც მხოლოდ 54%-იან ზრდას წარმოადგენს. 

მეტიც, ქართული ოცნება ეკონომიკურ ასპექტში გაცილებით უფრო წარუმატებელი იყო, ვიდრე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება. 

1995-2003 წლები: მშპ - 10,9 მილიარდი ლარიდან - 17.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა - 63%;

2004-2012 წლები: მშპ - 17.8 მილიარდი ლარიდან 30.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა -70.7%;

2012-2020 წლები: მშპ - 30.4 მილიარდი ლარიდან 38.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა დაახლოებით, 25% [წლევანდელი 6%-იანი კლების გათვალისწინებით]

მსგავს სურათს მივიღებთ, თუ საზომად გამოვიყენებთ მშპ-ს ზრდას ერთ სულ მოსახლეზე:

1995-2003 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 2 317 ლარიდან 4 488 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 93%;

2004-2012 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 4 488 ლარიდან 8140 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 81%;

2012-2020 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 8 140 ლარიდან 10 358 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 27% [წლევანდელი 6.1%-იანი კლების გათვალისწინებით];

ამგვარად გამოდის, რომ ქართული ოცნება ეკონომიკურად დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე წარუმატებელი ხელისუფლებაა.

უფრო მეტი ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები