ეკონომიკა

ღარიბაშვილი: ვარდების რევოლუციის შედეგად ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარსულზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ვარდების რევოლუციაზე და განაცხადა, რომ ამის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა გაპარტახდა. "მძიმე ათწლეულით დაღლილმა ხალხმა იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად, განვითარების ნაცვლად მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

უნდა ითქვას, რომ ღარიბაშვილის სიტყვებთან წინააღმდეგობაში მოდის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 17.8 მილიარდი ლარიდან 30.4 მილიარდ ლარამდე, 70.7%-ით გაიზარდა. ამავე წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 6.5%-ს შეადგენდა. ასევე, ამ წლებში დაფიქსირდა საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ეკონომიკის მაქსიმალური, 12%-იანი ზრდა. 

შედარებისთვის, ქართული ოცნების მმართველობის წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის საშუალო ყოველწლიური ტემპი დაახლოებით 2%-ის ფარგლებშია, ცხადია, ამ მაჩვენებელზე გასულ წელს მშპ-ს დრამატულად 6.1%-იანი ვარდნა აისახა, თუმცა საშუალო მაჩვენებელი ამის გარეშეც ჩამოუვარდებოდა 2004-2012 წლების ზრდის საშუალო მაჩვენებელს. 

შარშანდელი კლების გათვალისწინებით, 2013-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ დაახლოებით 25% შეადგინა. 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • 1991 წელი – -21.1%;
  • 1992 წელი – -44.%;
  • 1993 წელი – -29.3%;
  • 1994 წელი – -10.4%;
  • 1995 წელი – 2.6%;
  • 1996 წელი – 11.2%
  • 1997 წელი – 10.5%;
  • 1998 წლი – 3.1%;
  • 1999 წელი – 2.8%;
  • 2000 წელი – 1.8%;
  • 2001 წელი – 4.8%;
  • 2002 წელი – 5.4%;
  • 2003 წელი – 11%;
  • 2004 წელი – 5.7%;
  • 2005 წელი – 11%;
  • 2006 წელი – 9.4%;
  • 2007 წელი – 12.5%;
  • 2008 წელი – 2.4%;
  • 2009 წელი – 3.6%;
  • 2010 წელი – 6.2%;
  • 2011 წელი – 7.4%;
  • 2012 წელი – 6.3%;
  • 2013 წელი – -3.6%;
  • 2014 წელი – 4.4%;
  • 2015 წელი – 3%;
  • 2016 წელი – 2.9%;
  • 2017 წელი – 4.8%;
  • 2018 წელი – 4.8%;
  • 2019 წელი – 4.9%;
  • 2020 წელი  – -6.1%

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ წარადგინა, რაც თანამდებობა 19 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა. ღარიბაშვილი გახარიას მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტს მეორედ დაიკავებს. 

პირველად აღნიშნულ პოსტზე ღარიბაშვილი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქართული ოცნების დამფუძნებელი და პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მისი თქმით, პოლიტიკიდან წავიდა.

 

კომენტარები