ალექსეი ნავალნის საქმე

მაასი: ვემხრობი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადების დაწყებას

Ahvan

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ბრუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდა, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადება დაეწყოთ. ახალი სანქციების მომზადების ინიციატივა ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობასთან არის დაკავშირებული.

"მე ვემხრობი [რუსეთისთვის] დამატებითი სანქციების მომზადების დაწყებას, კონკრეტული ადამიანების სიაში შეყვანას". – თქვა მაასმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ  რუს ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს და სასჯელის მოხდა მას კოლონიაში მოუწევს. 

"ამავდროულად ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ შევინარჩუნოთ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ურთიერთობები ცალსახად ძალიან გაუარესდა." – აღნიშნა მაასმა.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელიც საუბრობდა. მან ვლადიმირ პუტინის მთავრობა დაახასიათა, როგორც "დაუნდობელი", ავტორიტარული და დემოკრატიის მოშიშარი

"როგორც ჩანს, დემოკრატიული ალტერნატივების განვითარების ადგილი თითქმის არ არსებობს ... ისინი დაუნდობლები არიან ამგვარი მცდელობების ჩახშობაში". – განუცხადა მან ევროპარლამენტს და თქვა, რომ სჯერა, კრემლი დემოკრატიას "ეგზისტენციალურ საფრთხედ" განიხილავს.


ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშრიმა და ბრიტანეთმა რუსეთის მაღალი რანგის პირებს ოქტომბერში დაუწესა სანქციები. მაშინ სანქციები პოლიტიკოსის ნოვიჩოკოს ნერვული აგენტით მოწავმვლის გამო შემოიღეს.

პოლიტიკოსი, რომელიც გერმანიიდან მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა, ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მას "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები