კონსტიტუცია 100

1921 წლის კონსტიტუცია, როგორც ბედისწერა

კონსტიტუცია 100

1921 წლის კონსტიტუცია, როგორც ბედისწერა

დღეს საუკუნე შეუსრულდა პირველ, ახალი დროის კონსტიტუციურ პროექტს საქართველოში. კონსტიტუციას, რომლის უსაზღვრო იმედები სულ რამდენიმე დღეში გაცამტვერდა.

კონსტიტუცია, როგორც უზენაესი კანონი, მომავლისკენ მიმართული დოკუმენტი უნდა იყოს, ის აწმყოში აფუძნებს და სამომავლოდ განამტკიცებს წესრიგს, რომელმაც ადამიანთა ერთი გამორჩეული იდენტობის მქონე პოლიტიკური ერთობის თანაცხოვრება უნდა წარმართოს.

1921 წლის კონსტიტუცია ამ საქმეში დამარცხდა. მას სიცოცხლე მოუსწრაფა მტერმა, რომელსაც არ სურდა იმ პოლიტიკური ერთობის თანასწორად აღიარება, რომლის დაფუძნებასაც ეს კონსტიტუცია მიესწრაფოდა.

წარსულში განცდილი ეს მარცხი ბედისწერასავით გამოჰყვა ყველა შემდგომ კონსტიტუციურ პროექტს საქართველოში. თითქოს ყველა მომდევნო კონსტიტუციური დოკუმენტი განწირულია დარჩეს სიტყვებად ქაღალდზე, რომელთაც უზენაესი სამართლებრივი ძალა და აქტუალიზაცია მუდამ აკლიათ.   

ნაცვლად მომავლისკენ მიმართებისა, ეს ბედისწერა ქართულ კონსტიტუციურ პროექტს წარსულს მიაჯაჭვავს, წარსულს სადაც მხოლოდ მაღალი იმედები და მწარე იმედგაცრუეებაა. ქართული კონსტიტუციური პროექტის ეს სამარადჟამო დაუსრულებლობა და უკმარობა, კვლავ 1921 წლის კონსტიტუციის დაპირებით ამაყობს, თუმცა, მისი ტოლფარდი დაპირება აწმყოში ჯერ ვერ შეუქმნია.

კონსტიტუცია მედეგია მტრების წინააღმდეგ, როდესაც ის ახერხებს მკაფიო გამოხატულება და საფუძველი მისცეს პოლიტიკური ერთობის გამორჩეულ იდენტობას. ეს ახერხებინებს ამ ერთობას მოიპოვოს საკუთარი სუვერენული არსებობის უფლებაცა და რეალობაც.

1921 წლის კონსტიტუციის ბედისწერა ისიცაა, რომ გვიჭირს განსხვავების მკაფიოდ გამოხატვა კონსტიტუციის მტრებთან, რომელიც მაშინაც და ახლაც იგივეა. რა განასხვავებდა რეფორმირებულ მარქსიზმს მარქსიზმ-ლენინიზმისგან? რა განგვასხვავებს თანამედროვე რუსული ავტოკრატიისგან დღეს, თუკი ჩვენც მათსავით კონსტიტუციური-დემოკრატიის ღირებულებებსა და ინსტიტუტებს ავტოკრატიის განსამტკიცებლად ვიყენებთ ბოროტად ?!  

მტერი არაფრისგან არ ჩნდება, მისი ფიგურა გამოხატავს ყველა იმ კითხვას რომელიც ჩვენ საკუთარ თავთან გვაქვს და რომელზე პასუხი კი არა, მის დასმაც კი გვაფრთხობს. მტერი ჩვენი სარკეა, რომელშიც თავს საკუთარ ძმად ამოგვაცნობინებს და ამით გვიმტკიცებს, რომ მისგან დამოუკიდებლად არსებობის უფლება არ გვაქვს.    

1921 წლის კონსტიტუციის დაპირება ისევ ღიად რჩება და განხორციელებას ელოდება. მას ვერ განვახორციელებთ მანამ, სანამ მისი ბედისწერისგან არ გავთავისუფლდებით, წარსულზე მიჯაჭვის ნაცვლად მომავლისკენ არ შემოვატრიალებთ.  

კომენტარები