მიანმარი

მიანმარში ჰაკერები სამთავრობო ვებგვერდებს თავს დაესხნენ

The Guardian

მიანმარში ჰაკერთა ჯგუფმა კიბერთავდასხმა განახორციელა სამთავრობო ვებგვერდებზე, მათ შორის ცენტრალური ბანკის, მიანმარის არმიის პროპაგანდისა და სამხედრო ხუნტას მიერ კონტროლირებადი ტელევიზია MRTV-ს ვებგვერდებზე. 

ჰაკერებმა შეძლეს ვებგვერდებზე წვდომის დროებითი შეფერხება.

“ჩვენ მიანმარში სამართლიანობისთვის ვიბრძვით”. – წერს ჰაკერთა ჯგუფი საკუთარ Facebook-ის გვერდზე. მათ საკუთარი ქმედება სამთავრობო ვებგვერდების წინ გამართულ დიდ საპროტესტო აქციას შეადარეს.

კიბერთავდასხმა პროტესტების დიდ ტალღას მოჰყვა. დემონსტრანტებმა 17 თებერვალს მიანმარის მთავარ გზატკეცილებზე მანქანები გააჩერეს და მათზე პოსტერები გამოაკრეს. პარალელურად, ქუჩებში ბანკის გაფიცული თანამშრომლები, სტუდენტები და ფერმერები მსვლელობას ატარებდნენ და დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვდნენ. რკინიგზის თანამშრომლები მატარებლების მოძრაობას მანამდე უშლიდნენ ხელს, სანამ სამთავრობო ძალებმა მათზე ძალა არ გამოიყენა.  

ბოლო კვირაში მიანმარის სამხედრო ხუნტამ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავა.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები